ცალკეულ სამინისტროში პრემიის გაცემასთან დაკავშირებით გადაცდომებია, რომელიც მინისტრების თანხმობით ხდება, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, პრემიების გაცემის წესი უნდა დარეგულირებულიყო, მაგრამ კონკრეტულ სამინისტროებში პრემია-დანამატები სწორედ აღნიშნული წესის დარღვევით გაიცემა.
„ცალკეულ სამინისტროში პრემიის გაცემასთან დაკავშირებით გადაცდომებია, რომელიც მინისტრების თანხმობით ხდება. გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენს დასკვნაში მივუთითებთ, სამინისტროები ყურადღებით უნდა იყვნენ, ვინაიდან, დებულება რიგითობას, რაოდენობას, პრემიების გაცემის წესს ადგენს. მიგვაჩნია, რომ დებულების დარღვევის ხშირი შემთხვევები არ უნდა იყოს“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მთავარი აუდიტორი მიიჩნევს, რომ პრემია-დანამატები, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიცემოდეს, როდესაც საჯარო მოხელე ზეგანაკვეთურ საქმიანობას ასრულებს. ამ შემთხვევაში კი, პრემიები საჯარო მოხელისთვის წლის განმავლობაში წინასწარ არის დანიშნული.
„მიგვაჩნია, რომ დანამატი, ასევე ბონუსური სისტემის წარმომადგენელია. ბონუსური სისტემის ნაწილი და დანამატი საჯარო მოხელეებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გაიცემოდეს, მაშინ, როდესაც ისინი ზეგანაკვეთურ საქმიანობას ასრულებენ, სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ და ასე შემდეგ. როდესაც ვხედავთ, რომ დანამატი წლის განმავლობაში საჯარო მოხელეებისათვის წინასწარ არის დანიშნული, ჩვენი აზრით, ეს თანამდებობრივი სარგოა და ამის კლასიფიცირება თანამდებობრივი სარგოს შესაბამის მუხლში უნდა მოხდეს“, - განმარტავს ლაშა თორდია.