დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.
რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევით სარგებლობის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად.
ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა.
ამასთან, ზაფხულიდან პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი;
ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, მედიკამეტის შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. თუ მედიკამეტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატის წარმოდგენა.
მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად, თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.