სევასტოპოლში მდგარი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ბაზიდან სეპარატისტული აფხაზეთის სანაპიროსკენ, პატრულირების განსახორციელებლად მცირე ნავსაწინააღმდეგო გემი "სუზდალეცი" დღეს გაემართება.
ოკუპირებულ აფხაზეთში ეს გემი ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გემი "სუზდალეცი" ოჩამჩირის საგარეო რეიდზე იმორიგევებს. ამის შემდეგ კი ნოვოროსიისკის ბაზისკენ გაემართება. რამდენიმე ხნით ადრე, მარტ-აპრილში 50 დღიანი პატრულირება აფხაზეთის სანაპიროზე გემმა "მურომეცმა" განახორციელა. სწორედ მან შეცვალა "სუზდალეცი" აფხაზეთის სანაპიროზე აგვისტოში.