აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ქალაქებისა და რაიონების ე.წ. ადმინსტრაციების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი გამართა. აფხაზური მედიის ინფორმაციით ბაღაფშმა უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საბინაო დავების საკითხი დღემდე არ ჩამოდის მედიის პირველი ფურცლებიდან. ბოლო ასეთი სტატია "ნოვაია გაზეტაში" დაიბეჭდა სათაურით "სამოთხიდან დევნილნი" _ ეს იყო რეპორტაჟი მოსკოვის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან, სადაც რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში საცხოვრებლის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ედავებოდნენ.
"ეს არის ის რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ. თქვენი უმოქმედობის გამო დიპლომატიური სკანდალები ხდება", _ განუცხადა ბაღაფშმა ე.წ. ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს.
მისივე განკარგულებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საცხოვრებლის უკანონო გაყოფის ან გადაფორმების თითოეულ ფაქტს შეისწავლის.
ბაღაფშის თქმით, "ის რაც დღეს სასამართლოებში ხდება განუკითხაობაა და სხვა არაფერი და ამიტომაც ზოგი მოსამართლის უფლებამოსილების ვადა არ უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად აღმოჩენილი დარღვევებისა არც ერთ მოსამართლეს თანამდებობა არ დაუტოვებია", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მისივე თქმით, საცხოვრებლის საკითხებს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას მიეძღვნება, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნულ თათბირზე ე.წ. ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს დაავალა ე.წ. მთავრობასთან ერთად აფხაზეთის საცხოვრებელი ფონდის ინვენტარიზაციის ჩატარება და ყველა საიჯარო ხელშეკრულების გადახედვა. "სხვისი საცხოვრებლის მიტაცებას მკაცრად უნდა ვებრძოლოთ. გაარკვიეთ მათთან ვინც იღებს ობიექტებს იჯარით და შემდეგ არაფერს არ აკეთებს, _ განაცხადა ბაღაფშმა და მაგალითისათვის სოხუმის ცენტრში მდებარე რესტორანი "ამრა" დაასახელა. მან ე.წ. მთავრობას ამ ობიექტის წესრიგში მოყვანაც დაავალა.
აღნიშნულ თათბირზე სერგეი ბაღაფში ასევე შეეხო ნოტარიალური კანტორებიდან საცხოვრებლის უკანონო გაფორმების, ქალაქში ქაოსურად შენებისა და გზისპირას სავაჭრო ჯიხურების ჩადგმის საკითხებსაც.
"არავითარი ობიექტი არ უნდა აშენდეს ცენტრალური ტრასიდან 20 მეტრში, ვინაიდან ჩვენ გაგრიდან ოჩამჩირემდე მიმავალი გზატკეცილის გაფართოებას ვგეგმავთ", _ განაცხადა ბაღაფშმა.