აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას ის მართლაც დამოუკიდებელი ქვეყნები აღიარებენ, რომლებიც აშშ და ევროპის აზრზე არ არიან დამოკიდებულნი. ეს განცხადება ე.წ. მინისტრმა დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"რუსეთი პირველი ქვეყანა, დამოუკიდებელი სახელმწიფოა რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ხოლო რაც შეეხება ლათინური ამერიკის ქვეყნებს, რომლებთანაც აფხაზეთს ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს აწარმოებს ისინი ის სახელმწიფოები არიან რომლებიც ლონდონის, ბრიუსელისა და ვაშინგტონის აზრზე არ არიან დამოკიდებულნი", _ აცხადებს ღვინჯია და სინანულით აცხადებს, რომ "ევროპასა და აშშ-ში ჯერ კიდევ მრავლადა არიან ადამიანები, რომლებიც "ცივი ომის" კატეგორიებით ხელმძღვანელობენ და რომელთაც რა თქმა უნდა აშფოთებს რუსეთის გავლენის გაზრდა, კავკასიაში და მთელს ევრაზიულ რეგიონში".
ღვინჯია ასევე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ოფიციალური ვიზიტით ნიკარაგუასა და ვენესუელაში აპირებს გამგზავრებას.
"ლათინური ამერიკის გარდა, ჩვენ ურთიერთობების ვალაგებთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან _ იორდანიასთან, სირიასთან და ლიბიასთან", _ განაცხადა ე.წ. მინისტრმა.