ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის დეპუტატმა" ვინმე გენადი კოკოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომაზე, ცხინვალის რეგიონში არსებული საგანმანათლებლო სისტემის კატასტროფულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წელს ეკონომიკური და იურიდიული ფაკულტეტები დაიხურა.
"მიმდინარე წელს ეკონომიკური და იურიდიული ფაკულტეტები დაიხურა. ამასთან დაკავშირებით, არავითარი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა და ყოველივე "რაღაც კულუარული მეთოდებით" გადაწყდა და ყველა ერთად ფაქტის წინაშე დააყენეს", _ აცხადებს კოკოევი.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ არსებობს არც მატერიალური და არც სასწავლო ბაზა.
"ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვაშენებთ და ამასთან ერთად არმიას ვშლით და ვამარტივებთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ გვყავს სპეციალისტები და თან ძირითად სპეციალობებს ვხურავთ. ამის ნაცვლად იხსნება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტები. ჩვენ არა გვაქვს არც მატერიალური და არც სასწავლო ბაზა, არ არიან პედაგოგები და არ არის აბიტურიენტთა კონტიგენტი. ჩვენ სრული ჩავარდნა გვაქვს ხაზვის, ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაში და რა დონის სპეციალისტები უნდა გვყავდეს?", _ აცხადებს კოკოევი.