დღეს პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ფედერალური სააგენტოს ოფიციალური ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
რუსული მხრიდან, რუსეთის მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა დიმიტრი ბეზდელოვმა მოაწერა. სეპარატისტთა მხრიდან, კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერგეი კოლბინმა.
შეთანხმებით გათვალისწინებულია მრავალმხრივი საავტომობილო, სამგზავრო მუდმივი პუნქტის გახსნა "ნიჟნი ზარამაგი" (რუსეთის ფედერაცია) _ რუკი (ცხინვალის რეგიონი) ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე.
ბეზდელოვმა ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა, რომ გამშვები პუნქტი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.