სეპარატისული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი აცხადებს, რომ საქართველოდან მომავალი საფრთხე ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის არ არსებობს, იმიტომ რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრები ძალიან კარგადაა დაცული.
"მით უფრო, რომ რუსეთმა გვაღიარა და გვეხმარება კიდეც საკმაოდ ძლიერად დაცვაში", _აცხადებს ბროვცევი.
მისი თქმით, მართალია, არის რაღაც წვრილ-წვრილი პროვოკაციები, მაგრამ ისინი "ძალიან მკაცრად" აღიკვეთება ხოლმე.
"სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთი განუყოფელი ხალხია, პრაქტიკულად საზღვრებსაც ვერ ვგრძნობთ და ყველაფერი ეს ისე ხდება, როგორც ერთიან სახელმწიფოში", _ აცხადებს ბროვცევი.
შეგახსენებთ, რომ ვადიმ ბროვცევი ე. წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ დანიშნული ე. წ. პრემიერია, ვლადიმერ პუტინის პროტეჟეა და ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითისთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მეტიც, ბროვცევთან დაპირისპირების შეწყვეტა, რამდენიმე ხნის წინ კოკოითის პირადად პუტინმა მოსთხოვა.