სანკტ-პეტერბურგის მე-14 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა მონაწილეობას იღებს. მასთან ერთად, სანკტ-პეტერბურგში აფხაზური მხარის ინფორმაციით, სეპარატისტთა ე.წ. ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი იმყოფება. განცხადებას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ავრცელებს.
ფორუმზე იმყოფებიან ასევე საქართველოს მეორე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ოსი სეპარატისტები.
შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგში მე-14 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში 10 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა მეთაურები, მსოფლიო ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლები, სხვა და სხვა ქვეყნის მინისტრები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებს განიხილავენ და მისგან გამოსავლის გზებზე იმსჯელებენ. სანკტ-პეტერბურგის მე-14 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 19 ივნისს დასრულდება.