ოსი სეპარატისტები რუსეთის ფედერაციასთან ხელს მოაწერენ შეთანხმებას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის "სახელმწიფო საზღვარზე" საკონტროლო-გამშვები პუნქტის შესახებ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ხელშეკრულება დღეს, 18 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაფორმდება.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელს სეპარატისტთა მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სასაზღვრო სამსახურის უფროსი გენერალ-მაიორი სერგეი კოლბინი მოაწერს, რუსული მხრიდან კი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალურ სააგენტოს ხელმძღვანელი დმიტრი ბეზდელოვი.
"აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე გაიხსნება მრავალმხრივი საავტომობილო სატვირთო-სამოქალაქო მუდმივი გამშვები პუნქტი "ნიჯნი ზარამაგი" (რუსეთი) _ რუკ (ე.წ. სამხრეთ ოსეთი).
შეგახსენებთ, რომ ოს სეპარატისტთა ე.წ. მთავრობის დელეგაცია, ე.წ. თავმჯდომარის ვადიმ ბროვცევის ხელმძღვანელობით სანკტ-პეტერბურგის XIV საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. სანკტ-პეტერბურგის XIV საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 17 ივნისს გაიხსნა.