ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში რუსი ოკუპანტებისთვის ახალი სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი შ.პ.ს. "ვლადსტროის" გენდირექტორის მოადგილე ალექსეი აკიპოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოს დასრულება 2011 წლისათვის იგეგმება. მათი ინფორმაციით, ამჟამად მესაზღვრეები საველე პირობებში ცხოვრობენ და კარვებში არიან განლაგებულნი.
აკიპოვი აღნიშნავს, რომ ამ ობიექტის სამშენებლო სამუშაოში ასევე ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.
"მთავარია, ადამიანს შესაბამისი უნარ-ჩვევები და რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჰქონდეს", _ განაცხადა აკიპოვი.
ამას გარდა, სოფელ არცევის ე. წ. ადმინისტრაციის უფროსის ლევ გოიაევის ინფორმაციით, ოსმა სეპარატისტებმა ამ სამხედრო ქალაქის ასაშენებლად რუს ოკუპანტებს მიწის ნაკვეთი გადასცეს.