აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ლიტვის სეიმის მიერ "საქართველოს შესახებ" მიღებულ რეზოლუციას პროქართულ რეზოლუციას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციაში დამახინჯებულად არის ინტერპრეტირებული 2008 წლის აგვისტოს მოვლენები.
ე.წ. გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ლიტვის სეიმის მიერ მიღებული პროქართული რეზოლუცია, ვილნიუსის მიერ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელმაც "კვლავ გაააქტიურა ძალისხმევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ".
"ევროპული სახელმწიფოს მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში ომს სამხრეთ ოსეთში _ რუსეთის აგრესია ეწოდება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებადაა მოხსენიებული, მათ ფსევდოსახელმწიფოებრივ მარიონეტულ წარმონაქმნებს უწოდებენ, ხოლო მათი დამოუკიდებლობის აღიარებას _ არასამართლებრივ აქტს", _ ნათქვამია ე.წ. პარლამენტის განცხადებაში და იქვე მითითებულია, რომ "რეზოლუციაში არ არის მოხსენიებული ევროკავშირის კომისიის მიერ დადებული დასკვნა კონფლიქტის მიზეზების შესახებ".
აფხაზი ე.წ. პარლამენტარები ახსენებენ ყველას, რომ ევროკავშირის მიერ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ სამხედრო მოქმედებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს.
მათივე განცხადების მიხედვით მათ "ძნელად სჯერათ" ის რომ "ამ გადაწყვეტილების მიღებისას ლიტვის სეიმი ამ დასკვნას არ იცნობდა".
"ამიტომაც ლიტვის პოზიცია ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება და იგი კონიუქტურული მოსაზრებების კარნახითაა მიღებული. ლიტვის სეიმის მიერ გაკეთებული განცხადება უპასუხისმგებლო აქტია, რომელიც ტერორიზმსა და ომის განახლებას უჭერს მხარს", _ აცხადებენ სეპარატისტები.