„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, 2016 წელს ჯანდაცვის მიმართულებით 9 პროგრამა განხორციელდა. მათ შორის, დაიწყო ორი ახალი პროგრამის განხორციელება - „ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა“ და „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ საპილოტე პროგრამა.
„დღეს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით ყველა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია. ავამოქმედეთ ახალი პროგრამები და გავაორმაგეთ უკვე არსებულების დაფინანსება. 2014 წლიდან დღემდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა ამ მიმართულებებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.