ოს სეპარატისტთა ე.წ. დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, მე-11 რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა დელეგაციას ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებული ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი უხელმძღვანელებს.
მათივე ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა დელეგაციაში ასევე შედიან ოს სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი, ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი, ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველი დავიდ სანაკოევი და ჩოჩიევის ე.წ. მოადგილე მერაბ ჩიგოევი.
ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ისინი საქართველოს მიერ "სარკოზი-მედვედევის" შეთანხმების შესრულებასა და საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას დააყენებენ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-11 რაუნდი ხვალ, 8 ივნისს გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობენ გაეროს, ევროკავშირის, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს, რუსეთის, სეპარატისტული აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები.
ქართულ დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. რუსულ დელეგაციას _ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციას _ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის ე.წ. რწმუნებული ვიაჩესლავ ჩირიკბა, ოს სეპარატისტებს კი _ კოკოითის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების I რაუნდი 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. II რაუნდი _ 2008 წლის 19 ნოემბერს. III რაუნდი _ 2008 წლის 17-18 დეკემბერს. IV რაუნდი _ 2009 წლის 17-18 თებერვალს. V რაუნდი _ 2009 წლის 18-19 მაისს. VI რაუნდი _ 1-2 ივლისს. VII რაუნდი _ 2009 წლის 17 სექტემბერს. VIII რაუნდი _ 2009 წლის 11 ნოემბერს. IX _ 2010 წლის 28 იანვარს, ხოლო X _ 2010 წლის 31 მარტს.