წუხელ აფხაზ სეპარატისტთა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სოფელ რეფის გამგებელი დიმიტრი კაცია მოკლეს. იგი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამ დროისათვის სოხუმშია გადაყვანილი.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სროლა სოფელ რეფში შუაღამის სამი საათისათვის დაიწყო, მიზეზი კი გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობიდან ამოღებული თანხაა.
სავარაუდოდ უკმაყოფილება მის განაწილებას მოყვა. როგორც აცხადებენ ეს არის გაგრძელება ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტისა, რა დროსაც დიხაზურგაში აფხაზ სეპარატისტთა საბაჟოს უფროსი გენადი კვიწია მოკლეს. იგი გალის ზონას აკონტროლებდა.
"ისინი იყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობიდან ამოღებულ თანხას. ამას სროლა მოყვა და მოყვა მსხვერპლი. გარდაცვლილია დიმა კაცია, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ქართველების მიმართ. ის ხელმძღვანელობდა
ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გატარებულ რამდენიმე სადამსჯელო ოპერაციას. დიმა კაცია ადგილზე გარდაიცვალა. სროლის შედეგად არიან დაჭრილები, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი", _ აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის მიმართულების კოორდინატორი თორნიკე კილანავა.