ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი დღეს ერგნეთში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ თავის დროზე ე. წ. სამხრეთ ოსეთმა შეაჩერა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და ამ ნაბიჯს საფუძვლად დაუდო ის, რომ არ არსებობდა ინფორმაცია ე. წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგული მოქალაქეების შესახებ.
"იმედი გვქონდა, რომ დღეს საფუძველი ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმისთვის გაქრებოდა", _ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იგეგმებოდა ორი საკითხის განხილვა. პირველი, მისი თქმით, იყო ევროსაბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიში, რომელიც მათ ე. წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების შესახებ ჩაატარეს და ამ ანგარიშის განხილვა".
"ანგარიშის წინასწარი ვარიანტი თომას ჰამარბერგს უნდა წარმოედგინა. ჰამარბერგი შეხვედრაზე სტოკჰოლმიდან ჩაგვერთო და ამ ანგარიშთან დაკავშირებულ ჩვენს კითხვებს უპასუხა. ჰამარბერგმა განაცხადა, რომ ექსპერტების ძალისხმევა გრძელდება და ჩვენი გატაცებული და დაკარგული მოქალაქეების შესახებ ახალი ცნობები უკვე მიმდინარე თვეს უნდა გაჩნდეს", _ განაცხადა ჩიგოევმა. მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ სეპარატისტები ჰამარბერგის მიერ გაცემული პასუხებით უკმაყოფილონი დარჩნენ.
"ჰამარბერგის განცხადებებმა ვერ დაგვარწმუნა ჩვენ მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების (შეხვედრაში მონაწილეობის არ მიღების შესახებ) უსაფუძვლობაში, თუმცა იმედი მაქვს, რომ ექსპერტთა მუშაობა გაგრძელდება", _ განაცხადა ჩიგოევმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ექსპერტების მუშაობის შედეგებზე დიდ იმედებს არ ამყარებს.
"იმიტომ, რომ ეს საქართველოს არ სურს. საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების გარეშე ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების", _ განაცხადა ჩიგოევმა.