ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს მიერ "სარკოზი-მედვედევის" შეთანხმების შესრულების საკითხს დააყენებს.
"ქართული დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა აშშ-ს დელეგაციის თანათავმჯდომარეების სახით თავიანთი სატელიტების მხარდაჭერით, ნებისმიერი საბაბით ცდილობს თავი აარიდოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობას", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ ნათვამ უარს გააფორმოს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან "სარკოზი-მედვედევის" შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს.
"საქართველო და მისი მხარდამჭერი ქვეყნები ცდილობენ რუსეთს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა თავს მოახვიონ და ავიწყდებათ ის, რომ "სარკოზი-მედვედევის" შეთანხმების მიხედვით არც სამხრეთ ოსეთი და არც მით უფრო რუსეთი არ არიან ვალდებულნი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვინმეს გარანტიები მისცენ", _აცხადებს ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე -11 რაუნდი 8 ივნისს ჟენევაში გაიმართება.