ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განცხადა, შეხვედრის დროზე ადრე დასრულების მიზეზი, მარიონეტული რეჟიმის მიერ მოლაპარაკების დატოვება გახდა, რადგან მათ ქართული მხარის მიერ დაყენებული საკითხების განხილვაზე უარი თქვეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დროს სეპარატისტებთან მომდევნო სამუშაო შეხვედრის დროზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერიც ესწრებოდა.
დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე მთავარ საკითხად ოსი სეპარატისტების უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველობის განთავისუფლების და უსაფრთხოების საკითხებს დააყენეს.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებით ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.