დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეიდან სავარაუდოდ კვლავ აღდგება.
შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი უხელმძღვანელებს. ასევე მონაწილეობას მიიღებენ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის, რუსეთის საოკუპაციო ძალების და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.
დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე მთავარ საკითხად ოსი სეპარატისტების უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველობის განთავისუფლების და უსაფრთხოების საკითხებს დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებით ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.