ახალგორის ოკუპირებულ რაიონში დისლოცირებული რუსი ჯარისკაცები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის რაიონიდან აცნობეს, ჯარისკაცებისთვის ცხინვალიდან პროდუქტის ჩამოტანა ხშირად გვიანდება, რის გამოც ნახევრად მშივრები არიან.
"ახალგორის რაიონში, რომლებიც ძირითადად მდინარე ქსნის მიმდებარე ტერიტორიაში არიან დისლოცირებულები მკაცრი გაფრთხილება აქვთ მიცემული, რომ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტში არ შევიდნენ. ასევე, ცხინვალიდან ჯარისკაცებისთვის საკვები პროდუქტის ჩამოტანა ხშირად გვიანდება, რის გამოც ჯარისკაცები ფაქტობრივად მშივრები არიან. Aსევე, მათ ბანაკებში ანტისანიტარიაა, რაც რიგითების ყოფას გაუსაძლის ხდის", - აცნობეს "ჯი-ეიჩ-ენს" ოკუპირებული ახალგორიდან.
აღსანიშნავია, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორის რაიონში გუშინ ნაპოვნი რუსი ჯარისკაცის თვითმკვლელობის მიზეზიც სწორედ ყოფითი პრობლემები გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე ახალგორის რაიონში გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცი იპოვეს. გვამი სოფელ ქარჩოხში აღმოაჩინეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა საფეთქლის არეში აქვს მიყენებული. რუსეთი ფედერაციის ჯარისკაცი სოფელ ქარჩოხის რუსულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა.