სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა საგანგებო თათბირი აფხაზეთში მოქმედ სამშენებლო ორგანიზაციებს მიუძღვნა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ანქვაბი დაინტერესდა აღდგენითი სარემონტო სამუშაოთი, რომელიც საბავშვო ბაღებში, აფხაზურ და რუსულ თეატრებში, სახელმწიფო მუზეუმში, ოჩამჩირის ინტერნატში, უპატრონო ბავშვთა სახლ "ნადეჟდაში", რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სხვა ობიექტებზე მიმდინარეობს.
ანქვაბის თქმით, აფხაზეთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დეფიციტს განიცდის.
"თუკი ომამდე რესპუბლიკაში 224 საბავშვო ბაღი მუშაობდა, დღეს მათი რაოდენობა 20-ზე ოდნავ მეტია. ამ პრობლემას სერიოზული ყურადღება უნდა დავუთმოთ, ვიპოვოთ სახსრები და ავაშენოთ ახალი საბავშვო ბაღები", _ აცხადებს ანქვაბი.
მისი თქმით, საბავშვო ბაღების რემონტი ძვირი სიამოვნებაა და სახელმწიფო ამისათვის სახსრებს გამოყოფს, "ამიტომაც ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი", _ განაცხადა ანქვაბმა.