რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითსა და მოსკოვიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფინანსური დახმარებების კონტროლისათვის წარგზავნილ ე.წ. პრემიერს ვადიმ ბროვცევს შორის დაპირისპირებას წერტილი დაუსვა.
პუტინმა ედუარდ კოკოითს მოსთხოვა თავი დაანებოს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ბროვცევის მოცილების მცდელობებს და ამის ნაცვლად "რესპუბლიკის" აღდგენაზე გააკეთოს კონცენტრაცია. პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ აღდგენისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, მშენებლობის ვადები კი უკვე დარღვეულია. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის სასახლეში ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენასთან დაკავშირებით გამართულ თათბირს პირადად პრემიერი პუტინი უძღვებოდა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერი ვადიმ ბროვცევი და რუსეთის ფედერაციის რეგიონების სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულების კურატორი რომან პანოვი.
"კომერსანტის' ინფორმაციით, თათბირზე პუტინმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. სამხრეთ Oოსეთის პარლამენტის რამდენიმე მცდელობაზე გადაეყენებინათ ე.წ. პრემიერი ბროვცევი და მისი მთავრობა.
"საკითხი განიხილებოდა მკაფიოდ, პუტინისეულად", _ წერს "კომერსანტი".
შედეგად, კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბროვცევის ე.წ. მთავრობა მუშაობას გააგრძელებს, ხოლო ადგილობრივი კადრები კი კოკოითის მეთაურობით თავს დაანებებენ მისი კომპრომეტირების მცდელობებს.
"ალბათ, ახლა არავითარი გადაყენებები სამხრეთ ოსეთის მთავრობაში არ იქნება. თავად ბროვცევი კი იმუშავებს იმდენს, რამდენსაც მოსკოვი ეტყვის და არა კოკოითი", _ განუცხადა რუსეთის მთავრობაში არსებულმა წყარომ "კომერსანტს".