იტალიური ტელეკომპანია "Orme sas" გადამღებმა ჯგუფმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფილმის გადაღება დაიწყო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ფილმს, რომელსაც იტალიური ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი იღებს "სამხრეთ ოსეთი: გზა დამოუკიდებლობისკენ".
მათივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის დეპუტატმა, იტალიელმა ჟურნალისტმა ჯულიეტტო კიეზამ, რომელიც ცხინვალში გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფება განაცხადა, რომ "დასავლელ ჟურნალისტთა უმეტესი ნაწილი სხვა და სხვა მიზეზის გამო თავის მაყურებელს სამხრეთ ოსეთზე ობიექტურ ინფორმაციას ვერ აწვდის".
"ევროპაში და დასავლეთში არავინ არაფერი იცის არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ ზოგადად კონფლიქტის ისტორიაზე და პროცესებზე რომლებიც აქ ვითარდება. ჩვენ ვეცდებით ჩვენი ფილმით დასავლელ მაყურებლამდე მივიტანოთ ოსების მიერ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის იდეა", _ განაცხადა კიეზამ.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იტალიელი ჟურნალისტები კვირის ბოლომდე დარჩებიან.