დღეს, 1-ელ ივნისს, 12:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაიმართება "მაცაცერას სახლისა~ და თოჯინების თეატრის პრეზენტაცია (ტაშკენტის #18), რომლის დამფუძნებელი და დამაარსებელია თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი რამაზ იოსელიანი.
მაცაცერას სახლში თოჯინების თეატრის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ყველა თაობის ბავშვისთვის საყვარელი ზღაპარი "სამი გოჭი~. სპექტაკლში მონაწილეობენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თოჯინების თეატრის სამსახიობო სპეციალობის კურსდამთავრებულები.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი არის საქველმოქმედო და წარმოდგენაზე დასწრება ყველა ბავშვს შეუძლია.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ღია ავტობუსით მაცაცერას მეგობრების, ცნობილი ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა შემდეგი მარშუტით: საბურთალო-ვაკე-ვერა-რუსთაველი-თავისუფლების მოედანი. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი მოძრავი თოჯინები: მაცაცერა, შრეკი, ფიფქია, კონკია, ლომი ალექსი, სპანჩბობი, პიტაჩოკი, მიკი მაუსი, იხვი დონალდი, ადამიანი ობობა, სუპერმენი, თაგვი რატატუ, ბეგემოტი გლორია და სხვები.
საზეიმო მსვლელობის დროს დიდი მოძრავი თოჯინა-პერსონაჟები გაართობენ ქუჩაში მოსეირნე ბავშვებს.