რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, სომხეთში, გიუმრიში განთავსებული სამხედრო ბაზა დატოვოს, თუ ერევანი მიიჩნევს, რომ მისი ყოფნა აღარ არის საჭირო.
„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთს არ სჭირდება, ჩვენ თუნდაც ხვალვე გავალთ. არავის არაფერს თავს არ მოვახვევთ. ხოლო თუ სომეხ ხალხს სურს, რომ იქ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა იყოს, ჩვენ დავრჩებით, ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა პუტინმა ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გიუმრიში განთავსებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რომლის მოქმედების ვადა 2044 წლამდეა გახანგრძლივებული.