კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიისთვის მთავარი გამოწვევა დრონებია. ამის შესახებ მან ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, უპილოტო საფრენი აპარატებია, თანაც ყველა გარემოში - წყალქვეშ, ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერში. ეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა“, - განაცხადა მან.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი დრონებთან ბრძოლის მიმართულებით დასახულ ამოცანებს შეასრულებს და აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის საწარმოებში მუშაობის ტემპი გაიზარდა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე მთლიანად სახიფათო ხდება და ამის შესახებ რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქმედი ყველა ავიაკომპანია გააფრთხილა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა რუსეთის საჰაერო სივრცეში დრონების არსებობის გამო ფრენების რისკები იზრდება.
„რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება. უკრაინა სამოქალაქო ავიაციას - არც ერთ სამოქალაქო თვითმფრინავს საფრთხეს არ უქმნის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება და ეს უნდა გაითვალისწინონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთის საჰაერო სივრცე, ფაქტობრივად, დაიხურება, რადგან ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, რუსეთის ცას ხურავს.