რუსეთის ფედერაცია სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების დაცვას თავის თავზე იღებს. ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის სრულიად რუსეთის საზოგადოებამ სეპარატისტულ აფხაზეთთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, იქმნება ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის რუსულ-აფხაზური ერთობლივი საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელადაც ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის სრულიად რუსეთის საზოგადოების თავმჯდომარე პაველ პოჟიგაილო დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება რუსულმა ორგანიზაციამ სეპარატისტულ აფხაზეთთან ახლა გააფორმა, ირკვევა, რომ ეს ორგანიზაცია აფხაზეთში არსებულ ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე გასული წლის ბოლოდან მუშაობს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთში აღრიცხვაზე იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის 250 ობიექტი. აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ იმის გამო, რომ აფხაზეთში მრავალი წელია ასეთი ობიექტების აღწერა არ ჩატარებულა, არ შეიძლება არსებული მონაცემები 250 ობიექტის შესახებ ამომწურავად ჩაითვალოს.
მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ 30 მდე ობიექტს საკავშირო მნიშვნელობა ჰქონდა.