ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ნიკოლაი დროზდოვი, რომელსაც ქართველი მაყურებელი რუსულ ტელეარხებზე ცხოველთა დაცვის შესახებ გაკეთებული გადაცემით, უფრო კონკრეტულად, საავტორო გადაცემით "ვ მირე ჟივოტნიხ"'კარგად იცნობს, სეპარატისტულ აფხაზეთში საერთაშორისო ფესტივალის "კეთილი საქმეები _ 2010"-ის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
დროზდოვმა შესაბამისი წინადადებით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს უკვე მიმართა.
"იმედი მაქვს, თქვენ მოგეწონებათ ეს იდეა და მხარს დაუჭერთ მას", _ განუცხადა სოხუმში მყოფმა დროზდოვმა სერგეი ბაღაფშს.
დროზდოვის თქმით, ფესტივალის პროგრამის ნაწილი იქნება რიწის "ნაციონალურ" პარკში პირველი საერთაშორისო ეკოლოგიური ფორუმის "ჟივაია პლანეტას" ჩატარება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების, მედიის, სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას მოახდენს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფშმა აღნიშნული ფესტივალის ჩატარებას მხარი დაუჭირა.