რუსული ძალები ცდილობენ შექმნან ერთგვარი იდეოლოგიური „ხის რკინა“ - ქართული ეროვნული იდეისა და რუსული იმპერიული რევანშიზმის ნაზავი პოლიტიკური მართლმადიდებლობის საფუძველზე, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. მისი თქმით, ლამის ყოველდღიურად ვკითხულობთ თუ ვისმენთ ამ უცნაურ მისტიკურ გეოპოლიტიკას, რომელსაც გარკვეულ წრეებზე საკმაო გავლენა აქვს, მაგრამ, როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვიდან ჩანს, ეს გავლენა ჩვენს უახლოეს მომავალზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.
„ბევრი არგუმენტის ჩამოთვლა შეიძლებოდა. მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ამ ეტაპზე დასავლური ორიენტაციის ამომრჩეველი უკეთ არის მობილიზებული და სიმართლის გრძნობაც აქვს. პრორუსულ ელექტორას კი თავიდან ვერ მოუშორებია უხერხულობის გრძნობა. გარდა ამისა, ელექტორალურ აქტივობაში უკვე ჩართულები არიან ადამიანები, ვისთვისაც რუსული ცხოვრების ყაიდა გაცილებით უფრო უცხოა, ვიდრე დასავლური“, - აცხადებს ფირალიშვილი და აღნიშნავს, რომ როგორ პრორუსულ სენტიმენტებსაც არ უნდა გამოხატავდნენ ადამიანები, ყოველი მათგანის სულში თანდათან გაიღვიძა საკუთარი ღირსების გრძნობამ იმის გამო, რომ მისი სახელმწიფო დამოუკიდებელია და რომ მას გააჩნია ის, რაც დასავლურ კურსთან ასოცირდება - პიროვნული თავისუფლება.
„მართალია, ამ პიროვნულ თავისუფლებას ზოგი ჩვენი დოქტრიონერი მედასავლეთე ისეთი ფორმებით უხატავს, რომ უმალ აფრთხობს, ვიდრე ამ თავისუფლების გამო სიხარულს აგრძნობინებს, მაგრამ ჯანსაღი ინსტიქტი თავის საქმეს აკეთებს“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.