რუსი მესაზღვრეები ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მხარის მიერ პროვოკაციების შესაძლო მოწყობაზე საუბრობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის უწყების ხელმძღვანელ ალექსანდრე მურზინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, რუსი მესაზღვრეები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებმაც ე.წ. საზღვართან შესაძლოა კონფლიქტური ვითარება შექმნან.
"არსებობს საკითხები, რომლებიც აუცილებლად გადახედვას და დარეგულირებას მოითხოვს", - აღნიშნა მურზინმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი შეფასებით, ე. წ. საზღვრზე მომხდარი ინციდენტები მომავალშიც იმავე ტემპით გაგრძელდება.
"ხშირად ცხოველები საზღვრებს არ აღიარებენ და გადმოდიან. რამდენიმე დღის წინ ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა პირმა 58 სული საქონელი გაიტაცა. ჩვენ ეს ინფორმაცია ქართულ მხარესთან ერთად დავამუშავეთ და აღმოჩნდა, რომ მათ თავისი საქონლის ჯერ ერთი ნაწილი, ხოლო ცოტა ხანში მეორე ნაწილიც იპოვეს", - განაცხადა მურზინმა და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.
მისი თქმით, აუცილებელი საზღვრის დაცვის მექანიზმების შემუშავება, რომელშიც რუსი მესაზღვრეები აქტიურად არიან ჩართულები და ამ კუთხით ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და ქართული პოლიციის შეხვედრაც სწორედ მათი ორგანიზებულია.