აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თავისი კრიმინალური მთავრობის ე. წ. ძალოვანი მინისტრების მონაწილეობით თათბირი ჩაატარა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, თათბირზე განსახილველი მთავარი თემა სათამაშო ბიზნესი იყო. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მოქმედებს 2006 წელს მიღებული კანონი "სათამაშო ბიზნესის შესახებ". მათი ინფორმაციით, მიუხედავად ამ ბიზნესის აკრძალვისა, რამდენიმე ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იმის გამო, რომ ვალს ვერ ისტუმრებდა.
"საუბედუროდ, ამ საქმიანობის აღკვეთა ვერ მოვახერხეთ. მოვითხოვ, სრული სერიოზულობით მოეკიდოთ ამ პრობლემას და ყველაზე სასტიკად დასაჯოთ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორები", _ განაცხადა ბაღაფშმა.
როგორც თათბირზე დამსწრე აფხაზეთის ე. წ. შს მინისტრმა ოთარ ხეციამ განაცხადა, "არავისთვის დასამალი არ არის, რომ სათამაშო ბიზნესს პატივცემული ხალხი მფარველობს. მეტიც, ისინი თავადაც თამაშობენ".
ხეცია აცხადებს, რომ პირველადი ჯარიმა ამ კანონის დარღვევისათვის 1000 რუსულ რუბლს შეადგენს.
თათბირზე ბაღაფშმა ყველა ე. წ. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს დაავალა, 10 დღის ვადაში წარმოადგინონ გეგმა ამ პრობლემის კომპლექსური გადაწყვეტისთვის.