ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახალხო დამცველი დავით სანაკოევი ქართულ მხარეს შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ "ოსინფორმი" იუწყება.
სანაკოევის შეფასებით, ქართველი ძალოვანების მიერ 2008 წლის აგვისტო ომის შემდეგ დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეების განთავისუფლებაზე უარის თქმა "არაკორექტულია".
"იმაზე საუბარი, რომ საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეეხებათ, არაკორექტულია", - ამის შესახებ კომენტარი სანაკოევმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებაზე გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ქართულ მხარეს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ყველა დაკავებული განთავისუფლებულია"
სანაკოევის მტკიცებით, ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც ქართულ მხარეს გივი თარგამაძე წარმოადგენდა მინიმუმ 4 ადამიანის განთავისუფლებას დაპირდნენ.
"ეს დაპირება საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და ევროსაბჭოს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგმაც მოგვცა. თუმცა მათი სიტყვები ჯერ კიდევ მხოლოდ დაპირებად რჩება", - განაცხადა სანაკოევმა.