„ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საჯარო დაპირება - საარსებო შემწეობა ყველა პენსიონერს აღუდგებოდა, რომელსაც დახმარება მისი არასწორი პოლიტიკის გამო მოეხსნა, ისევე განუხორციელებელი დარჩა, მსგავსად ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირებისა“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.
მისიე თქმით, მიმდინარე წლის 20 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სერგეენკომ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ პრობლემა გამოსწორდა.
„ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს, 515-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ზაფხულში დავით სერგეენკომ პენსიონერებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენის პირობა დადო.
ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში, როდესაც გაძვირებულია სურსათი და წამალი ანუ პენსიონერების ძირითადი მოხმარების პროდუქტი.ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის სამართლიანობას, რომ პენსია 50 ლარით უნდა გაიზარდოს”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.