სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეთანხმებას "ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 2009 წლის 2 ოქტომბერს სოხუმში მოაწერეს ხელი. ეს ხელშეკრულება ძალაში ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში უნდა შესულიყო, თუმცა აუცილებელი საბოლოო დამუშავების შემდეგ, როგორც რუსეთში ისე აფხაზეთში, ხელშეკრულების რატიფიკაცია ნახევარი წლის შემდეგ მოხდა".
დოკუმენტი 90 დღის ვადაში რუსეთის მოქალაქეებისა და აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. ეს ხელშეკრულება არ ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც საზღვარგარეთის პასპორტები აქვთ. გადაადგილება დაშვებულია ასევე შიდა პასპორტებითა და მეზღვაურის მოწმობებით. ხელშეკრულება ასევე ვრცელდება 14 წლამდე ბავშვებზე და მათ მხოლოდ დაბადების მოწმობის წარდგენა მოეთხოვებათ.