„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს და კიდევ ერთ პრეპარატს ესპანეთში აწარმოებს. სწორედ ამ თემას მიეძღვნა 7 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართული პრესკონფერენცია, რომელსაც ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე, ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს ექსპორტის მენეჯერი ჰაიმე როდო, ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს მარკეტინგის მენეჯერი ბეგონა ლატორე კასტილა და „პსპ ჯგგუფის“ დირექტორი გოჩა გოგილაშვილი წარუძღვნენ.
მედიკამენტის ესპანეთში წარმოებასთან დაკავშირებით მემორანდუმი „ჯი-ემ-პიმ“ ესპანურ „კერნ ფარმასთან“ გააფორმა. „ჯი-ემ-პი“ ესპანეთში წარმოებულ მედიკამენტებს სხვადასხვა ქვეყნებში გაყიდის. წარმოების მოცულობით „კერნ ფარმა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. ის „Indukern“ ჯგუფის წევრია და მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს. „კერნ ფარმა“ საქართველოს ბაზარზე ქვემო კიდურების ვენური დაავადებების სამკურნალო საშუალებით - „ტურბომიკრონ G“-ით არის ცნობილი.
„მოხარული ვართ, რომ საშუალება გვეძლევა, ევროკავშირის ტერიტორიაზეც გავაგრძელოთ ოპერირება და მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას 20-30%-ით უფრო იაფად შევთავაზოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული მედიკამენტები,“ - განაცხადა „ჯი-ემ-პი“-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემ.
„დღეს ისტორიული დღეა, როცა ქართული კომპანია საერთაშორისო კომპანია ხდება და დასავლეთ ევროპაში წარმოებული მედიკამენტების დისტრიბუციას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მომხარებელს უკვე 20-40%-ით უფრო დაბალ ფასად შეეძლება ევროპული მედიკამენტების მიღება, ვიდრე მისი ანალოგიების. ჩვენ კვლავ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპულ კომპანიებთან, რათა მათთან მიღწეული შეთანხმებებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“- განაცხადა „პსპ ჯგუფის“ დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა „ჯი-ემ-პის“-თან შედგა. ჩვენთვის საინტერესო იყო საქართველოს ბაზარი და მნიშვნელოვანი პროდუქტის ხარისხის ის სტანდარტები, რომელსაც „ჯი-ემ-პი“ მუდმივად იცავს. „ჯი-ემ-პი“ სანდო პარტნიორია და ესპანეთში მედიკამენტების წარმოებით ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ახალ ბაზრებზე ჩვენი პოზიციების გამყარებას“ - განაცხადა „Kern Phrama“-ს ექსპორტის მენეჯერი ჰაიმე როდომ.
ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.