„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გახარჯული თანხების ანალიზი უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წელსაც - ისევე, როგორც 2015 წელს - ამ პროგრამას მინიმუმ 75-80 მლნ ლარის დამატება დასჭირდება.
„დაგეგმილი 570 მლნ ლარიდან პირველ კვარტლის 162 მლნ ლარის ხარჯი აჩვენებს, რომ თუ ხარჯვა ამ სისტემით და ამ ტემპით მიმდინარეობს, მაშინ დარჩენილ 3 კვარტალში საჭიროა 162 x 3 = 486 მლნ ლარი. პროგრამისთვის კი 570 - 162 = 408 მლნ ლარია დარჩენილი. სხვაობა 486-408=78 მლნ ლარი სწორედ ის დეფიციტია, რაც პროგრამას დამატებით დასჭირდება.
დავით სერგეენკო თავს იმით გაიმართლებს, რომ პირველი სამი თვის ხარჯვა ასეც იყო გათვლილი - 162 მლნ ლარზე. ჯერ ერთი, ეს პასუხი ავლენს, რომ პირველ კვარტალში ბიუჯეტის ხარჯვის მეტობით დაგეგმვა მას იმისთვის დასჭირდა, რომ წინა წლის 60-70 მლნ-ნიანი დავალიანება გაესტუმრებინა. მეორე და მთავარი პასუხი ისაა, რომ ჯანდაცვის მინისტრს არ გადაუდგამს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი, რაც იმის ვარაუდის საფუძველს მისცემდა, რომ მომდევნო თვეებში ხარჯვა უდეფიციტო იყოს.
დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილი პრობლემა კი აღიარა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების გეგმის შემუშავება-განხორციელება არ შეუძლია. არადა არსებულ ვითარებაში კი პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტის ზომა მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს - ანუ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ყველაფერს ამ პერსპექტივით უყურებს: აღარ აინტერესებს, მერე რა იქნება”, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.