მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გულის დაავადებებით დედამიწაზე ყველაზე მეტი ადამიანი კვდება. თუმცა, ამ დაავადებათა რისკის თავიდან აცილება მკურნალობის გარეშეც კი 95 პროცენტით შეიძლება. ამისთვის მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლა, მოსახლეობის მეტად ინფორმირება და გაუმჯობესებული კანონმდებლობაა საჭირო.
როგორც აღმოჩნდა, ქალები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მამაკაცები. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაავადების დიაგნოსტიკა ქალებში უფრო რთულდება. მამაკაცებში გულის შეტევა ძირითადად არტერიების დაბლოკვით ხდება. ანგიოგრამით (სისხლძარღვთა ანალიზის საკმაოდ მარტივი გამოკვლევით) პრობლემა იოლად ვლინდება და დიაგნოსტირებაც მეტი სიზუსტით ხდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად გულის დაავადებას დედამიწაზე საშუალოდ 18 მილიონი ქალის სიცოცხლე ეწირება. სამწუხაროდ, გულის შეტევები ქალებს მხოლოდ შუახნის, ან მოხუცებულობის პერიოდში არ ემართებათ.
ორგანიზაციის დამაარსებლის ირენ პოლინის თქმით, გულის დაავადებები ქალის პირველი მტერია და მას ქალებში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი განათლების გავრცელებაა. `ჩვენი მთავარი მიზანი დაავადების პრევენციაა. ხალხმა უნდა იცოდეს რისკ-ფაქტორებისა და სისტემატური გამოკვლევების მნიშვნელობის შესახებ~, _ აღნიშნავს ის.
ექსპერტთა განცხადებით, გულის დაავადებათა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში, სადაც დიდ როლს ჭარბი წონა ასრულებს.
`ქრონიკულ დაავადებებს ზედმეტი კვება კი არ იწვევს, არამედ არასწორი კვება. ისინი უმეტესად იმ საკვებს მიირთმევენ, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა~, _ ამბობს ის.
რაციონში უნდა გაიზარდოს თევზის, ნატურალური, გაუცრელი ბურღულეულის, ბოსტნეულის, ბოსტნეულის ზეთების, თხილეულის რაოდენობა და შემცირდეს მარილისა და ცხოველური ცხიმის მიღება.