შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცახდებით, პრეპარატი "ჰარვონი" უკვე საქართველოშია და დღეიდან მას C ჰეპატიტისგან განკურნების მსურველ ახალ პაციენტებს შესთავაზებენ.
მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ "ჰარვონი" არის ორი პრეპარატის "სოფოსბუვირისა" და "ლედიპასვირის" კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
"განსხვავებით "სოფოსბუვირისგან", რომლითაც 7 000-მდე პაციენტს მკურნალობა უტარდება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, "ჰარვონით" კომბინირებული მკურნალობა სხვა მედიკამენტებთან ერთად ნაკლებად ესაჭიროება. შემცირებულია იმ მედიკამენტების რაოდენობაც, რომელიც კომბინირებული მკურნალობის დროს გამოიყენება. პრეპარატი "ჰარვონი" ნაკლები გვერდითი მოვლენებით გამოირჩევა და პაციენტთა გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის ილუმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7 000-მდე პაციენტია ჩართული, მათგან 3 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. 90%-ის შემთხვევაში C ჰეპატიტის ვირუსი დამარცხდა, 3%-ის შემთხვევაში აღინიშნა გვერდითი მოვლენები, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები 1,6%-ს შეადგენს.
მინისტრმა განმარტა, რომ იმ პაციენტებმა, რომლებიც უკვე მკურნალობენ "სოვალდით", არ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა იმ იმედით, რომ მათ "ჰარვონით" მკურნალობის პროგრამაში ჩასვამენ.
მინისტრის განცხადებით, "ჰარვონის" პრეპარატის პირველი პარტია - 2 000 ფლაკონი საქართველოში უკვე შემოტანილია. ერთი წლის განმავლობაში პაციენტების მკურნალობისათვის 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. სერგეენკო აცხადებს, რომ წლის ბოლომდე C ჰეპატიტის განკურნების პროგრამაში 20 000-მდე პაციენტის ჩართვა მოხდება.
მინისტრის განცხადებით, ბოლო კვლევებით საქართველოში, სავარაუდოდ, ჰეპატიტით 160 000 ადამიანია დაავადებული.