საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი საქართველოში დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე დღეს, 15 თებერვალს, იხსნება. მაღალრეიტინგული სტუდენტების სწავლის საფასურს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დააფინანსებს, ასევე კორპორაცია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სასწავლო კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს.
საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს, რაც ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარებას შეუწყობს ხელს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ-ს ექთნების სალიცენზიო გამოცდის (NCLEX)-ის მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული და როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან ჯგუფებს გამოუშვებს.
კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება განხორციელდება ორ ნაკადად თებერვალსა და სექტემბერში.
კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებად დასაქმებას კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში. ამასთანავე საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა (NCLEX), რომელიც მათ აშშ-ს მწვანე ბარათსა (Green Card) და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემს.