„სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს მინისტრის, დავით სერგეენკოს სახელზე მოთხოვნა-წერილი შეიტანა და საგანგებო განცხადება გააკეთა:
„ნარკომანია საქართველოსთვის კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებისა, სააფთიაქო ნარკომანია კვლავ დიდ ფაქტორს ასრულებს ამ სენის გავრცელებაში. ცნობილია მრავალი ფაქტი ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტო ვაჭრობისა. ვინაიდან გატარებული ღონისძიებები არაეფექტურია და საკანონმდებლო ბაზაც სუსტია, მოგმართავთ მოთხოვნით, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშაოთ ღონისძიებათა კომპლექსი ამ საზარელ სენთან ეფექტურად საბრძოლველად. ამავე დროს ვაცხადებთ, რომ საჭიროა მოხდეს სააფთიაქო ნარკოვაჭრობის კრიმინალიზაცია და ფსიქოტროპული წამლებით ურეცეპტო ვაჭრობა გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ჩვენი პარტია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს რეკომენდირებული კანონპროექტის მომზადების პროცესში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.