სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. დედაქალაქის მერიაში გამართულ პრეზენტაციას, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და 112-ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი უძღვებოდა.
თბილისის მერის მოადგილის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ საკითხებს, რაც ჯერ კიდევ გამოწვევებად რჩება.
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ და აქცენტს ვაკეთებთ იმ საკითხებზე, რაც ჯერ კიდევ გამოწვევების სახით გვაქვს და მოსაგვარებელია - ეს არის დისპეტჩერიზაციისა და ჰოსპიტალიზაციის საკითხები. დღესდღეობით ამ პროცესებში ადამიანური ფაქტორები დიდწილად მონაწილეობს. ასევე, საუბარი იყო ახალი სისტემის დანერგვაზე, იმისათვის რომ ადამიანური ფაქტორი გამოირიცხოს და პირდაპირ პროგრამულად მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, დისპეტჩერიზაციისთვის შემუშავდეს გაიდლაინები. ეს ყველაფერი ის პრობლემები და ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაც დროში შეამცირებს და დაარეგულირებს მომსახურებას,“- განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
მერიის ინფორმაციით, 2015 წლის ანგარიშში წარმოდგენილი იყო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისების, ასევე, გასულ წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობის შესახებ.
2015 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბიუჯეტმა 27 100 000 ლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში შესრულდა 623 160 გამოძახება და განხორციელდა 151 716 ჰოსპიტალიზაცია.
ამასთან, შეძენილ იქნა 13 ერთეული სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაკომპლექტებული და აღჭურვილია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, დამატებით, ცენტრმა შეიძინა სამედიცინო ჟანგბადის ახალი ბალონები, სამედიცინო აღჭურვილობა - დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, ასპირატორები, პულსოქსიმეტრები და სხვ.
გასულ წელს ცენტრმა განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რამაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი, კერძოდ: გაიხსნა დამატებითი პუნქტები (ქვეფილიალი): ფონიჭალა 3-ის დასახლებაში და დაბა კოჯორში; განახლდა კავშირგაბმულობის სისტემები, ცენტრის ელექტროგენერაცია, გათბობის სისტემები; გარემონტდა ცენტრის რაიონული სამსახურები; სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნით დადგინდა ცენტრის ბალანსზე არსებულ შენობებში საევაკუაციო გეგმები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შენობები დაკომპლექტდა ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით და სხვ.