საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება, თუმცა, რეკომენდაციები ძალაში რჩება.
სამინისტროში განმარტავენ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა უნდა გამოიჩინონ.
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. ამ დრომდე, დედაქალაქის ყველა რაიონში მოქმედებს საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრები, სადაც სამედიცინო მომსახურება ერთი კვირის განმავლობაში 5070 პაციენტს გაეწია. დღეიდან, სასწავლო პროცესი აღდგა ყველა იმ სკოლაში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით შეჩერებული იყო. თუმცა რეკომენდაცია ძალაში რჩება და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს გადააჭარბებს, სასწავლო პროცესი სამი დღით უნდა შეწყდეს“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, უწყების ინფორმაციით, ჯერ ისევ რთული რჩება ვითარება რამდენიმე ქვეყანაში. ეპიდემიოლოგიური ზღვარი გადალახულია უკრაინის 18 ოლქში და რუსეთის უმეტეს რეგიონში, სადაც გარდაცვალების 126 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, გრიპის ვირუსით 57 ადამიანია გარდაცვლილი თურქეთში, ხოლო 160 შემთხვევაა აღრიცხული უკრაინაში. სომხეთში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექციით გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა, სტაციონარულ მკურნალობას კი 700 პაციენტი გადის.