შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუშინ 112-ის სადისპეტჩერო სამსახურში გადატვისთულობის გამო, 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურში დიდი რაოდენობის მიმართვიანობა, გატარებული ღონისძიებების სისწორეზე მეტყველებს. მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემებით, თუ ბოლო 6 თვის მანძილზე თბილისში გამოძახებების რაოდენობა დღეში 2 000-ის ფარგლებში იყო, გუშინ 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 1200-მდე მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო იყო.
"ადამიანები ცდილობდნენ დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და გადატვირთული იყო მთლიანი სადისპეტჩერო სამსახური, რომელიც 112-მა გააძლიერა, მიუხედავად ამისა, ეს მართლაც საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომი დაფიქსირდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია", - განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, გუშინ წინამძღვრიშვილისა და ქიაჩელის ქუჩებზე სამედიცინო ცენტრები24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და ოჯახების ექიმები გამოძახებებზე არ გასულან. დღეიდან კი ისინი გამოძახებებსაც შეასრულებენ.