ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს.
რაც შეეხება სპეციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჯანდაცვის უწყება მიმართავს, მინისტრის თქმით, დაკავშირებულია არა ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზაციისთვის.
,,ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს. იმ ნაბიჯების მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვახორციელებთ, არის ის, რომ როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში სასწრაფო დახმარების სამსახურების გადატვირთული მუშაობა განიტვირთოს. მათ მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავისი მოვალეობა შეასრულონ გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და მეორეს მხრივ, მოსახელობას შევუქმნათ კომფორტი, რომ გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში, რაც ნამდვილად გვაქვს ამ დღეებში, მიიღონ კვალიფიციური დახმარებაყველაზე მეტედ მომზადებული სპეციალისტებისაგან“, - განაცხადა სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.