დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსების შემთხვევების მატება იანვარ-თებერვალშია მოსალოდნელი. ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 100 ათას მოსახლეზე გრიპით ინფიცირების 240 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. მისი განმარტებით, გრიპის ეპიდემია იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუკი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 500-სსგადააჭარბებს.
გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, რომ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, ასევე თავისა და სახსრების ტკივილის დროს, აუცილებლად მიმართონ ექიმს, რომელიც მათ მედიკამენტოზურ მკურნალობას დაუნიშნავს და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია.
პირები, რომლებიც დაავადებული არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, დიაბეტით, ფილტვის პრობლემებით, მოხუცები და ორსულები უნდა მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და პირველივე სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის შემთხვევების გამოვლენა ყოველთვის დეკემბრის მეორე ნახევრიდან იწყება და იანვარ-თებერვალში შემთხვევის გარკვეული ზრდა ფიქსირდება.
გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსებზე 8 ათასზე მეტი პირი კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ აიცრა, ხოლო სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკ ჯგუფებს დაქვემდებარებული 12 ათასამდე ადამიანი.