2016 წელს დედაქალაქის მერია ჯანდაცვის 3 ახალ პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
„2016 წელს განხორციელდება 3 ახალი პროგრამა ჯანდაცვის მიმართულებით - 3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, 250 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება;
„500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.