C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი „ჰარვონი" შემოდის– აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საქართველომ ამერიკელი პარტნიორებისგან მიიღო C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება.
„პირველივე ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენი პროექტი შეაფასა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, ,,საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს გლობალური მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით". დღეს, გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - „ჰარვონი", რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება,"–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულმა პაციენტებმა, რომელთაც მკურნალობის სრული კურსი გაიარეს, განიკურნენ და მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დაამარცხაC ჰეპატიტის ვირუსი.
უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებისთვის, პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, ამერიკულ მხარეს, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს, სამედიცინო პერსონალს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით, ამერიკელმა პარტნიორებმა პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. მანვე თხოვნით მიმართა საზოგადოებას, ჩაერთონ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროგრამაში, რათა დადგინდეს, არის თუ არა პირი ინფიცირებული და დროულად მოხდეს მკურნალობის ჩატარება.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტს.