27 ნოემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, სამედიცინო, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის ”Therapia საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება.
“Therapia საქართველო“ ამერიკული „The Lancet“-ის (www.thelancet.com) ქართულ ანალოგს წარმოადგენს და ის უშუალოდ ექიმებისთვის იქნება განკუთვნილი.
როგორც ჟურნალის დამფუძნებელმა ბესიკ შამუგიამ განაცხადა, “Therapia საქართველო“ მიზნად ისახავს დაინტერესებულს პირებს სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
“ჩვენს ჟურნალს კვალიფიციური პერსონალი ქმნის. ის კვარტალში ერთხელ გამოვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უფასოდ გავრცელდება. ჩვენს გამოცემაში წარმოდგენილი იქნება ახალი ამბები და სტატიები ჟურნალ “ლანცეტიდან“, ასევე მკითხველს შევთავაზებთ ქართველი მეცნიერების კვლევებს და ქართულ სამედიცინო სივრცეს მორგებულ “გაიდლაინებს“, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ჩემი სურვილი იყო, ქართულ სამედიცინო საზოგადოებამდე უანგაროდ მიმეტანა თანამედროვე სამედიცინო სიახლეები, რაც დამეთანხმებით, ხელს შეუწყობს ქართული მედიცინის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა ბესიკ შამუგიამ.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების პროფესორები და ექიმები, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.