პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„თუ პრეზიდენტს ასეთ კადრებზე ემოცია არ აქვს, მისი საქმე ცუდად ყოფილა. მე არ მინახავს, მე ვნახე ადრე ეს კადრები დახურულ ჩვენებაზე. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, ასეთი კადრების ხილვის შემდეგ ემოციები მოთოკონ. ყველას მოვუწოდებ, რომ ყველა საკითხი სამართლებრივად გაირჩეს. მაგრამ მოსახლეობას ყველაზე მეტად ნერვებს უშლის, რომ ვინც ასეთი ქმედებების დროს ხელისუფლებაში იმყოფებოდა და ხშირ შემთხვევაში თვითონვე წერდა დანაშაულებრივი ქმედებების სცენარს, დღეს სამართალდამცავები და დაჩაგრულების როლში გამოდიან," - განაცხადა მეჭიაურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა შექმნა. მისი თქმით, მთარობის მეთაურის დღევანდელმა განცხადებამ ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შეიტანა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წამების კადრებსა და ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა.