ხვალ, 30 ოქტომბერს, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ამერიკიდან გამოგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს დახვდებიან. საქველმოქმედო აქცია ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია Physicians with Heart -ის ინიციატივითა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან ამერიკის საოჯახო მედიცინის ფონდი და არასამთავრობო ორგანიზაცია Heartto Heart.
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17 თბილისში ჩამოიტანს წნევის წამლების, ოფთალმოლოგიური პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლებისა და მულტივიტამინების მარაგს, აგრეთვე პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სადიაგნისტიკო საშუალებებს. თვითმფრინავს ჩამოჰყვებიან Physicians with Heart -ის მოხალისეები. ჰუმანიტარული ტვირთის საერთო ღირებულებაა 7.2 მილიონი დოლარი. ამ თანხის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტი ტვირთის საქართველოში ჩამოტანის ხარჯებსაც დაფარავს.
საქართველოში ყოფნისას, Physicians with Heart -ის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ორდღიან სიმპოზიუმში, რომელიც საოჯახო მედიცინას მიეძღვნება. დელეგაციის წევრები პირადად დაარიგებენ მედიკამენტებს სკოლებსა და ობოლ ბავშვთა თავშესაფრებში. ისინი 2008 წლის სამხედრო კონფლიქტისას დაზარალებული ბავშვებისათვის მოწყობილ საქველმოქმედო აქციებშიც ჩაერთვებიან.
ჰუმანიტარული პროექტი ხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. საქართველოში გამოგზავნილი მედიკამენტები სერტიფიცირებულია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ. ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის დახმარების კოორდინატორი დენ როზენბლუმი უხელმძღვანელებს.